15 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ჩვენ ვალდებული ვართ შევასრულოთ ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაცია და დღეს შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ მათი უმეტესობისთვის პასუხი გაცემულია - მაკა ბოჭორიშვილი

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომის პირველი სესია დასრულებულია. სიტყვით გამოვიდნენ თანათავმჯდომარეები, მაკა ბოჭორიშვილი და მარინა კალიურანდი, შემდეგ ევროპული სტრუქტურების და საქართველოს მხრიდან პროფილური სამინისტროების წარმომადგენლები. საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, საქართველო ევროკავშირს ხედავს, როგორც უსაფრთხოების ერთადერთ გარანტიას, რომელიც 2008 წლიდან არსებობს.

"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად საქართველოს ევროინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში. 2014 წლიდან საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების კუთხით პროგრესის მისაღწევად. საქართველოს მიერ ევროპულ გზაზე მიღწეული პროგრესი უდავოა. წარმატებულმა რეფორმებმა საქართველო მრავალი თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილად აქცია და ქვეყანა ევროპულ სტანდარტებთან დააახლოვა. ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა თებერვალში, ასევე აღიარებულია საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.

ვინაიდან ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი ხანგრძლივი კონსტიტუციური მიზანი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი, საქართველო შთაგონებულია გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა წინსვლისთვის და ევროპულ ოჯახში თავისი ადგილის დასაკავებლად.

ჩვენ ვალდებული ვართ შევასრულოთ ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაცია და დღეს შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ მათი უმეტესობისთვის პასუხი გაცემულია. მიუხედავად ამისა, შარშანდელმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების შესახებ, ადგილი დატოვა გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის. ეს არც არის აუცილებელი და არც სასარგებლო ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

წლების განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი. არ უნდა დავივიწყოთ საქართველოს ძალისხმევა, ხელი შეუწყოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. გმირი ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ნატოს ძალებთან ერთად იდგნენ ოპერაციის ბოლომდე და ამავე დროს, ჩვენ ყოველთვის მადლიერი ვიყავით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საქართველოში გაწეული ძალისხმევისთვის.

ჩვენ ვხედავთ ევროკავშირს, როგორც უსაფრთხოების ერთადერთ გარანტიას, რომელიც 2008 წლიდან არსებობს. საქართველოს მთავრობის გულწრფელი ერთგულება ევროინტეგრაციის პროცესში გადაიზარდა რეფორმირებულ ინსტიტუტებში. პროგრესი სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში და გაზრდილი სტანდარტები ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად. ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ისინი დასტურდება დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასებებით და საჭიროებს შექებას და არა უგულებელყოფას. ამავდროულად, ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზას," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი. 

 

დღის ამბები