პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრის ანა წითლიძის განცხადებით, საქართველო თაობების მსხვერპლის ფასად ელოდა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს.
როგორც წითლიძემ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომის პირველი სესიის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოს სჭირდება ევროკავშირი და ევროკავშირს ასევე სჭირდება ძლიერი და დემოკრატიული საქართველო.
"ჩემი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში თაობების მსხვერპლის ფასად ელოდება სტატუსს და იმ ყველაფრის მიუხედავად, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს ან გააკეთებს ევროპული გზის დასაზიანებლად, ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი.
"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებები ისეთივეა, როგორც რუსული პროპაგანდა, რომ თითქოს ევროკავშირს საქართველოში მეორე ფრონტი სურს და რა მივიღეთ ჩვენ: ოლიგარქიული სისტემა, კორუფცია, პოლიტპატიმრები.
ასეთ მდგომარეობაში საქართველო, ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რადგან საქართველოს სჭირდება ევროკავშირი და ევროკავშირს ასევე სჭირდება ძლიერი და დემოკრატიული საქართველო," - აცხადებს ანა წითლიძე.