15 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
მე ვთხოვ მერაბიშვილს და კეზერაშვილს, ცოტა მიეცით ამ ბიჭს საშუალება, რომ თავი გამოიჩინოს - ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ ვითარებას მმართველი გუნდი ეხმაურებია. საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ ყოფილი ძალოვნების გავლენები "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოველთვის არსებობდა და ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე ამას მნიშვნელობა არ აქვს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, რაც მათთვის გაუგებარია.

"მე ვთხოვ მერაბიშვილს და კეზერაშვილს, ცოტა მიეცით ამ ბიჭს საშუალება, რომ თავი გამოიჩინოს. ასე არ გამოვა, ის ლუზერი გადააყენებინეთ, მელიაზე მაქვს საუბარი და ამ ბიჭს მიეცით საშუალება, ერთი არჩევანი მაინც ანდეთ. ახლა სერიოზულად რომ ვისაუბროთ, ხაბეიშვილი რომ იქნება თავმჯდომარე, იმ პარტიას რისი ამბიცია უნდა ჰქონდეს, იქ თემა დამთავრებულია. მგონია, რომ ხაბეიშვილი დროებითი, გარდამავალი პერიოდის თავმჯდომარე იყო და მე მაქვს ჩემი პროგნოზი, ვინ ჩაუდგება სათავეში "ნაციონალურ მოძრაობას", თუმცა მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დამთავრებულია", - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ.

სააკაშვილზე გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაურმაც.

"როგორ ამბობდნენ მისი მომხრეები, გვამის სუნი ასდისო და დღედღეზე შეიძლება ფატალური შედეგი დადგესო. სტრასბურგმა რომ უთხრა, დაწყნარდით არაფერი არ ხდებაო და საქართველოში მის ჯანმრთელობას ან რაიმე უფლებას საფრთხე არ ემუქრებაო, ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკაში უნდა ჩართოს," - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეფასებით კი, თავად პარტიის გადასაწყვეტია, ვის დაასახელებს.

"ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული კონკრეტულ დანაშაულებზე, იხდის სასჯელს, სხვა მიმართულებითაც მიმდინარეობს გამოძიება. მათი გადასაწყვეტია, როგორ და რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში," - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები