15 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
"ქართული ოცნება", ქართული ოპოზიცია და ევროპელი დეპუტატები - ერთი კომიტეტის ორი სხდომა ბრიუსელში მთლიანად საქართველოს მიეძღვნა

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს - საკითხი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დღის წესრიგის მთავარი თემა იყო. პოლიტიკური ვითარება საქართველოში, ურთიერთობები ევროპულ სტრუქტურებთან, 12 რეკომენდაციის შესრულების პირობები და ვალდებულებები-ევროპელი დეპუტატები და ქართველი პოლიტიკოსები ამ საკითხებზე მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. საკუთარი მოსაზრება წარმოადგინა ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემაც.

როგორ ახდენს საქართველო რეკომენდაციების იმპლემენტაციას, ევროპელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიაწოდა. მაკა ბოჭორიშვილი ევროპული ტრიბუნიდან ამბობს, რომ 12 პუნქტის უმრავლესობა უკვე შესრულებული და საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორად რჩება.

გამოსვლების პარალელურად, კომიტეტის სხდომაზე დისკუსიაც გაიმართა. მმართველი პარტიის წევრებმა ამ ფორმატშიც თქვეს, რომ ევროპარლამენტარების გარკვეულმა პოზიციამ, შესაძლოა, ქვეყანაში პოლარიზაცია უფრო გააღრმაოს.

მარინა კალიურანდის გამოსვლას დარბაზშივე უპასუხა თეა ახვლედიანმა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, კომიტეტის თანათავმჯდომარემ პრემიერ- მინისტრის ბუდაპეშტში გაკეთებული განცხადება კონტექსტის გარეშე გააჟღერა. თეა ახვლედიანმა ევროპელ დეპუტატს შეახსენა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსი პოზიცია იმავე ფორუმზე ევროკომისიის პრეზიდენტმაც დააფიქსირა.

სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ჰქონდათ დელეგაციის სხვა წევრებსაც. საპარლამენტო უმრავლესობამ კიდევ ერთხელ გამოხატა პოზიცია თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროინტეგრაცია და ევროპული ღირებულებები. ისაუბრეს უკრაინისადმი სოლიდარობაზეც და იმაზეც, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ოფიციალურ კიევს მხარს უჭერს. ოპოზიციამ კი ევროპული ტრიბუნა ამჯერადაც ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენა.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა დასრულებულია. კომიტეტზე დეპუტატების და მთავრობის წევრების გარდა, პროფილური სამინისტროების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც გამოვიდნენ.

დღის ამბები