15 ნოემბერი 2024,   11:12
ვრცლად
ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონში მოწინააღმდეგე საკუთარ პარტიაშივე აღმოაჩნდა - პრეზიდენტად კენჭისყრას რესპუბლიკელი მაიკ პენსი აპირებს

დონალდ ტრამპს, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონში მოწინააღმდეგე საკუთარ პარტიაშივე აღმოაჩნდა. 2024 წელს, პრეზიდენტად კენჭისყრას რესპუბლიკელი მაიკ პენსი აპირებს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა. 64 წლის პოლიტიკოსი, ამერიკის 45-ე პრეზიდენტს ჯერ კიდევ 2020 წელს დაუპირისპირდა, როდესაც უარი განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაეპროტესტებინა. მაიკ პენსმა დონალდ ტრამპი დღესაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ტრამპმა კონსტიტუციის ერთგულებაზე უარი განაცხადა.

ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, აკრიტიკებს მოქმედ პრეზიდენტსაც და მიიჩნევს, რომ არც ის და არც ტრამპი არ ჰგვანან ჩვეულებრივ ამერიკელებს, რომლებმაც იციან, როგორ მოექცნენ ერთმანეთს პატივისცემით. მაიკ პენსი განსაკუთრებით უკმაყოფილოა იმით, რომ დონალდ ტრამპი რუსეთის ლიდერს გენიოს უწოდებს, მაშინ როდესაც ის, თითქმის, მთელი სამყაროსთვის სამხედრო დამნაშავეა. "მე ვიცი განსხვავება გენიოსსა და სამხედრო დამნაშავეს შორის და მე ვიცი ვინ უნდა გაიმარჯვოს უკრაინის ომში" - აცხადებს რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი.

ამერიკული პოლიტიკისთვის საკმაოდ უჩვეულოა, როდესაც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი არჩევნებზე, ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ იბრძვის და შეერთებული შტატების ისტორიაში, ეს სულ რამდენჯერმე მოხდა. კაპიტოლიუმზე 6 იანვრის თავდასხმის შემდეგ, პენსი, როგორც იცით, ტრამპს განუდგა და მის წინააღმდეგ კონგრესის საგამოძიებო კომისიას ჩვენებაც მისცა. 6 იანვრის ამბები, პენსმა კამპანიის დაწყების დღესაც გაიხსენა და ტრამპის წინააღმდეგ მწვავე განცხადებაც გააკეთა.

"6 იანვარი ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული დღე იყო. თუმცა ჩვენი სამართალდამცველების გამბედაობით, ძალადობა ჩახშობილი იქნა. არაერთხელ ვთქვი, რომ იმ საბედისწერო დღეს, პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები დაუფიქრებელი იყო და საფრთხე შეუქმნა როგორც ჩემს ოჯახს, ყველას იმ დღეს კაპიტოლიუმში. ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რომ იმ დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა მოითხოვა, არჩევანი მას და კონსტიტუციას შორის გამეკეთებინა. მე ავირჩიე კონსტიტუცია და ყოველთვის ავირჩევ. მჯერა, რომ ვინც თავს კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს ან სხვას სთხოვს კონსტიტუციაზე მაღლა დადგეს, ამერიკის პრეზიდენტი აღარასოდეს უნდა იყოს", - აცხადებს მაიკ პენსი.

აიოვას დედაქალაქ დე მოინში, სიტყვით გამოსვლის დროს, პენსს უკრაინის თემა მხედველობიდან არ გამორჩენია, მიუხედავად იმისა, რომ კამპანიის პირველ დღეებში, მთავარი ყურადღება საერთაშორისო საკითხებზე ნაკლებადაა. პენსი კარგად აცნობიერებს, რომ მისგან უკრაინის თემაზე აზრის გამოთქმას ელოდებიან, რადგან ყველას ახსოვს, თუ როგორ აქტიურობდა ის, საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს.

"მე ვიცი განსხვავება გენიოსსა და სამხედრო დამნაშავეს შორის. ვასხვავებ ტერიტორიულ დავას და სამხედრო აგრესიას. უკრაინაში ომი ჩვენი ომი არ არის, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ამერიკა ყოველთვის უნდა დადგეს თავისუფლების დასაცავად და მე მას დავიცავ, როდესაც თქვენი პრეზიდენტი ვიქნები", - აღნიშნავს პენსი.

64 წლის პენსის გარდა, რესპუბლიკურ პარტიაში, საპრეზიდენტო პრაიმერისთვის რამდენიმე დეკლარირებული კანდიდატია. მათ შორის, 77 წლის ტრამპი, რომელსაც მთელი კამპანიის მანძილზე, ხმაური და სამართლებრივი გამოწვევები გარანტირებული აქვს. რონ დესანტისი - ცუდი ორატორი, თუმცა ამერიკული არჩევნების მცოდნე და ფლორიდის გუბერნატორის არჩევნებში ორჯერ გამარჯვებული. მას ტრამპი არაერთხელ დაესხა თავს, მეტსახელად "დესანქტიმონიუსი“ უწოდა და თქვა, რომ დესანტისს პიროვნების ტრანსპლანტაცია სჭირდება, რაც ჯერ არ გამოუგონებიათ. ასევე, განაცხადი აქვს გაკეთებული ნიკი ჰეილის, ამერიკის ყოფილ ელჩს გაეროში და საერთაშორისო პოლიტიკის კარგ მცოდნეს. კამპანია დაიწყეს ნიუ ჯერსის ყოფილმა და ჩრდილოეთ დაკოტის მოქმედმა გუბერნატორებმაც. უკანასკნელი გამოკითხვებით, კანდიდატებს შორის ტრამპი, 53%-ით პირველ ადგილზეა.

დღის ამბები