15 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
რა დროს, რეიტინგების დატოლებაა, როდესაც კარს მოადგა ქვეყანას საფრთხე, რომ შეიძლება რუსეთში გავიღვიძოთ - პაატა მანჯგალაძე

ერთობა "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო თუ მესამე პოლიტიკური ცენტრი ლელოს თაოსნობით? - ოპოზიციური პარტიები 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადებიან. ირკვევა, რომ წარმატების ფორმულაზე ყველა პოლიტიკურ ჯგუფს სხვადასხვა წარმოდგენა აქვს. მთავარი ოპოზიციური პარტია კოლეგებს ურჩევს, ყველაზე ძლიერთან ითანამშრომლონ, თუმცა პარტიების დიდ ნაწილს "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირება არ სურს. ძალების გაერთიანების ინიციატორია "ლელოც," თუმცა მამუკა ხაზარაძის გუნდი პოლიტიკური ცენტრის შექმნას "ნაციონალური მოძრაობის" გამოკლებით განიხილავს.

"სტრატეგია აღმაშენებელში" კი ამბობენ, რომ ოპოზიციის კოორდინაცია მნიშვნელოვანია, თუმცა, რეიტინგების დატოლება არასწორია.

"ყველა, ვინც ამბობს, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის გარეშე დაამარცხებს "ქართულ ოცნებას", არის ბრიყვი ან მიზანმიმართული მავნებელი. რა დროს, რეიტინგების დატოლებაა, როდესაც კარს მოადგა ქვეყანას საფრთხე, რომ შეიძლება რუსეთში გავიღვიძოთ. ამ დროს ვიღაცები საუბრობენ, რომ არ დადგებიან იმასთან, რომ ვიღაცამ თქვა, რომ იმის უკან დგას ვიღაცა. ასეთი განცხადება სახელმწიფოებრივია? ეს არის ეროვნული პოლიტიკა?!" - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

იდეას სკეპტიკურად უყურებენ "გირჩში". ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ისინი აღნიშნულ პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას

"მე მაქვს ფული და მოდით ჩემთან - იქ კეზერაშვილია ფულით, აქეთ ხაზარაძე და ჯაფარიძე. ეს ამბავი მიდის. არავინ არ ლაპარაკობს იდეებზე, არც პოზიციებზე ან პრინციპებზე, რატომ ერთიანდებიან. ჩვეულებრივი სადღეგრძელოების რეჟიმია - კეზერაშვილის ფული უკეთესია, თუ ხაზარაძე-ჯაფარიძის?! - მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესისთვის დამაზიანებელია, კიდევ უფრო დაასუსტებს ოპოზიციას," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები