15 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
ლავროვის ნათესავების ვიზიტი და ყვარელში განვითარებული მოვლენები - თბილისის საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. ოპოზიციამ მმართველი გუნდი ანტიდასავლურ კამპანიაში დაადანაშაულა, გაიხსენა ლავროვის ნათესავების ვიზიტი და ყვარელში განვითარებული მოვლენები.

"ლავროვი არის ის ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში იყო ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მთავარი აგიტატორი. მისი ოჯახის წევრები ცდილობდნენ აქ მოლხენას. ამ ხელისუფლებისთვის სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე შეყვარებული მოქალაქეები, რომლებსაც სამართლიანი პროტესტი აქვთ, პრიორიტეტი რომ არ არის, ყოველ დღე გადაწყვეტილებებში ვხედავთ. პრიორიტეტული, ქართული ოცნების“ პირობებში სამწუხაროდ, ძალაუფლების შენარჩუნებაა და ამის ბოლო მაგალითია საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ განხორციელებული დევნა და დაკავებები,“ - ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, ანა გოგოლაძე.

მმართველმა გუნდმა კი ოპოზიცია მცდარი ინფორმაციის გავრცელების და ქვეყანაში არეულობის მცდელობაში დაადანაშაულა. დარბაზში ისმოდა ურთიერთბრალდებები.

"ჩვენ გვაქვს მყარი და მკაფიო პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. მე ვთვლი და საზოგადოება ამაში გვეთანხმება, რომ ეს პოლიტიკა არის, ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე სწორი, მშვიდობისკენ მიმართული პოლიტიკა.

რაც შეეხება ლავროვის ოჯახის წევრების ვიზიტს საქართველოში, აქ ხაზგასმით იყო აღნიშნული მთავრობის წევრების მხრიდან და პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ როდესაც ოკუპაციის შესახებ კანონი არ ირღვევა, სახელმწიფოს არ აქვს უფლება რომელიმე პირი შეაყოვნოს ქვეყნის საზღვარზე,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ხელაძე.

დღის ამბები