პარლამენტის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, შს სამინისტრო მას სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ აწვდის. პოლიტიკოსმა გომელაურის უწყებას სადეპუტატო შეკითხვით მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია, როდის და საიდან გადმოკვეთეს ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და რამდენ თანმხლებ პირთან ერთად შემოვიდნენ ქვეყანაში.
"მე მომივიდა წერილი, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ლავროვის ოჯახის წევრების ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მე არ მაძლევს. უთითებს მცდარ მუხლებს საქართველოს რეგლამენტში და ამბობს რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია და მე არ მაქვს, როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ეს ინფორმაცია მივიღო. მე არ ვითხოვდი პასპორტის ინფორმაციას, მე ვითხოვდი მხოლოდ და მხოლოდ საზღვარს და დროს, როდის შემოვიდა და ვინ თანხმლები პირებით შემოვიდა. ეს უთითებს ერთ რამეს, რომ არ უნდათ ინფორმაციის გაცემა, იმიტომ რომ წინასწარ იცოდნენ, რომ ლავროვის ოჯახის წევრები საქართველოში შემოდიოდნენ," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
პარლამენტის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას შს მინისტრის მოადგილემ უპასუხა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ადამიანის იდენტიფიცირება და საზღვრის კვეთის დადასტურება არის პერსონალური მონაცემები, რომლის გაცემის უფლება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ხდება.
"ქვეყანაში მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პირია თანხმა ან კანონით უნდა იყოს განსაზღვრული შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი. ჩვენ ქალბატონ ხატიას მივმართეთ წერილით და ავუხსენით ეს საკანონმდებლო ჩარჩო და ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი, რომელიც ჩვენ, როგორც მონაცემების დამუშავება სახელმწიფო უწყებას მოგვცემდა საშუალებას, რომ გავასაჯაროოთ კონკრეტული პირის პერსონალური მონაცემები," - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.