2024 წლის არჩევნებში გამარჯვების მთავარ გზად "ლელოს" ერთიანობა და მესამე ცენტრი ესახება, თუმცა ამ ერთიანობის ნაწილად პარტიის ლიდერები "ნაციონალურ მოძრაობას" არ განიხილავენ. "ლელოში" ამბობენ, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალასთან ღირებულებითი სხვაობა აქვთ - ეს განსხვავება კი მათი თქმით, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ გამოიკვეთა. ხაზარაძის პარტია სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისთვის მზად არის. მამუკა ხაზარაძე კოლეგებს კონსულტაციებისთვისაც ეპატიჟება და იმასაც ამბობს, რომ ნაწილთან სამომავლო ერთიანობაზე საუბარი უკვე ჰქონდა.
"ლელოს" მსგავსი პოზიციონირება გაუგებარია "ნაციონალური მოძრაობისთვის". ისინი ოპოზიციის ერთიანობას მხოლოდ მათი პარტიის გარშემო ხედავენ. ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ წინასაარჩევნო კონსულტაციებისთვის კარი მათაც ღია აქვთ.
კიდევ ერთი პარტია, რომელთან თანამშრომლობასაც "ლელო" გამორიცხავს - "კანონი და სამართალია". პარტიაში ამბობენ, რომ თაკო ჩარკვიანთანაც მათ ღირებულებითი აცდენა აქვთ. თავად ჩარკვიანს ჯერ არ გადაუწყვეტია ვისთან ითანამშრომლებს 2024 წლის არჩევნებისთვის, თუმცა, ერთიანობის მომხრეა.
"ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო გაერთიანების იდეას ოპოზიციის ერთი ნაწილი არასერიოზულად უყურებს, მათ შორის, გირჩი და გიორგი გახარიას პარტია. "სტრატეგია აღმაშენებელი" კი ოპოზიციის თანამშრომლობის მომხრეა.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ”ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებმა სხვა პოლიტიკურ პარტიებს მათთან დისტანცირებისკენ უბიძგა, თუმცა "ქართული ოცნებაში" იმასაც განმარტავენ, რომ ეს დისტანცირება მხოლოდ სიტყვიერად ხდება, ოპოზიციის ქმედებები კი მათი შეფასებით, მაინც თანხვედრაშია.
2024 წლის არჩევნებამდე წელიწად-ნახევარზე მეტია დარჩენილი. ვინ ვისთან ითანამშრომლებს ჯერ უცნობია - ამ დროისთვის ოპოზიციის ყველა ჯგუფს ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.