ქართული დამწერლობა, როგორც ბრძოლის იარაღი - ფრანკლინის კლუბის ერთ-ერთი წევრი ვიდეომიმართვაში ამტკიცებს, რომ მსოფლიოში ასობით დამწერლობაა და არა 14, რომელშიც ქართულს ერთ-ერთი უძველესი დამწერლობის სტატუსი აქვს.
საუბარია კლუბის ერთ-ერთი სპიკერის ვიდეო-ლექციაზე, სადაც ის ამბობს, რომ მსოფლიოში არსებობს ასობით დამწერლობა და საუბარი 14-ზე, რომელშიც ერთ-ერთი ქართულია, მითია. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ საზოგადოებისთვის იმის მტკიცება, თითქოს ქართულ დამწერლობაში განსაკუთრებული არაფერია, ეროვნული იდენტობის განადგურების მცდელობაა.
ეს ჩანაწერი კლუბის გვერდზე აღარ იძებნება. მმართველი გუნდის თქმით, ვიდეო ყველა პლატფორმიდან მას შემდეგ წაიშალა, როდესაც მას სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია მოჰყვა. თავად ფრანკლინის კლუბმა ამ საკითხზე განმარტების გაკეთება დღეს არ ისურვა. განცხადებები გაკეთდა ოპოზიციაშიც.
ხელისუფლების ოპონენტები კლუბთან რაიმე სახის კავშირს უარყოფენ, თუმცა არც ვიდეოს შინაარსთან აქვთ პრობლემა. ოპონენტები ეროვნულ იდენტობაზე შეტევის შესახებ საუბარს არასერიოზულს უწოდებენ.
ანტიქართული კამპანია და რადიკალიზმის მხარდაჭერა - ასეთია შეფასებები უმრავლესობაში. "ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ვიდეო ნათლად ასახავს, თუ როგორ მიმდინარეობს, ეროვნულობის მაიდენტიფიცირებელი ფასეულობების დისკრედიტაცია.
14 დამწერლობის საიდუმლო ამოხსნილია - სწორედ ამ სათაურით გავრცელდა ვიდეო, რომელიც ფრანკლინის კლუბის გვერდზე უკვე აღარ დევს.