ვინ როგორ აფასებს ღარიბაშვილი-შოლცის შეხვედრას- ოპოზიციაში ამბობენ, რომ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტად დადასტურდა, იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რეფორმების გატარებაზე სრული პასუხისმგებლობა მმართველმა პარტიამ უნდა აიღოს.
"გერმანიის კანცლერის მხრიდან არის მთელი ევროპის სახელით, გაკეთებული მკაფიო გზავნილი, დრო არის ძალიან ცოტა, "ქართული ოცნება" უნდა შეეშვას რეფორმების საბოტაჟს და ნამდვილი რეფორმები უნდა გატარდეს. 100-ვე პროცენტი პასუხისმგებლობა არის "ქართულ ოცნებაზე" ყველა საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც იქნება ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ბურთიც მათ მხარეს არის, მოედანიც," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ გერმანია უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა ევროკავშირში და მათი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
"ეს იყო ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილება "ქართული ოცნების" მიმართ, რომ ეს რეკომენდაციები უნდა იყოს შესრულებული, თუ არ შესრულდება, ჩვენ, საქართველო კანდიდატის სტატუსს წელს, სავარაუდოდ, ვერ მივიღებთ.
გერმანია არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირში, გერმანიის პარლამენტის წევრები იყვნენ ჩამოსული საქართველოში. ჩვენ მათ პარლამენტში შევხვდით, მივაწოდეთ რეალური ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე," - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.