ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კონსტიტუციის შესახებ ლექციას კითხულობდა, რამდენიმე პირი, ჟურნალისტების ნაწილთან ერთად, რუსული რუბლებით მივიდა და პროვოკაცია სცადა, თუმცა მათ ამის საშუალება სტუდენტების მეორე ნაწილმა არ მისცა.
აღნიშნული ინციდენტის შესახებ "კურიერთან" ერთ-ერთი სტუდენტი, ნინა მუსერიძე საუბრობს.
"ლექციამ ჩაიარა საკმაოდ მშვიდობიანად და გამოსვლისას, ჩვენ დავინახეთ რამდენიმე პროვოკატორი, რომელთაც შეურაცხმყოფელი სიტყვების სროლა დაიწყეს ირაკლი კობახიძის მიმართ და როდესაც არც ირაკლიმ და არც სტუდენტებმა არ მივაქციეთ ყურადღება, კიბეებზე ჩასვლისას მას გადმოაყარეს დაბეჭდილი რუბლები და ამით პერფორმანსი მოაწყეს, თუმცა ამ პერფორმანსზეც ვერ მიიღეს პასუხი და სრული იგნორირება გამოვუცხადეთ მათ როგორც სტუდენტებმა, ასევე ლექტორმაც. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს გადმოყრილი რუბლები, პირველ რიგში, ელენე ხოშტარიამ ყველაზე უკეთ იცის სად და როგორ უნდა გამოიყენოს და არანაირი მიმართება არ აქვს ამას ირაკლი კობახიხის მიმართ. ესენი არიან გარედან შემოსული პირები, რომელთაც კონკრეტული დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ ასე უნდა გაეკეთებინათ," - აღნიშნა სტუდენტმა.