გერმანიას სურს, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, - აცხადებს გერმანიის ელჩი საქართველოში. დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და კანცლერის, ოლაფ შოლცის ბერლინში გამართული შეხვედრა შეაფასა.
პიტერ ფიშერი ამბობს, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე და აკვირდება 12 პუნქტის შესრულებას.
"პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბერლინში ძალიან დატვირთული შეხვედრა ჰქონდა კანცლერ შოლცთან. მათ, რა თქმა უნდა, ისაუბრეს ზოგად საერთაშორისო სიტუაციაზე, ასევე, იმ რისკებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის აგრესიამ უკრაინაში და ამის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.
კანცლერმა უთხრა პრემიერ-მინისტრს, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე. უთხრა ისიც, რომ ვაკვირდებით 12 პუნქტის შესრულებას. გვინდა, დავინახოთ მკაფიო ნიშნები იმისა, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ყველაფერს, რაც ევროკავშირს სჭირდება.
ვფიქრობ, არსებობს კარგი შანსები, თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და განვაგრძობთ 12 პუნქტის შესრულებას. გერმანიას სურს, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს არა მთავრობა, არა ოპოზიცია, არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არა ინდივიდუალური მოქალაქე, არამედ მთელი ქვეყანა. ამიტომ ჩვენ მართლაც გვაქვს იმედი, რომ ქართველები იმუშავებენ ერთად, რათა შესრულდეს 12 პრიორიტეტი," - აცხადებს პეტერ ფიშერი.