ბრიუსელში, ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომა გაიმართა.
სხდომას, თანათავმჯდომარეები, - მაკა ბოჭორიშვილი და მარინა კალიურანდი ხელმძღვანელობდნენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები, აგრეთვე, საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების, საქართველოს სახალხო დამცველის და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები.
კომიტეტზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და ევროპარლამენტარებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარისთვის პრიორიტეტად რჩება დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.
"საქართველოს მიერ 2022 წელს გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე არის ქვეყნის კონსტიტუციური მიზანი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი. ევროკავშირის საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი გადადგამს მტკიცე ნაბიჯს და წელს საქართველოს მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციების შესრულება და ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი უკვე შესრულებულია, საქართველოს გააჩნია პოტენციალი გახსნას ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები და წვლილი შეიტანოს უფრო ფართო ევროპულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. მოველით, რომ წელს ევროკავშირი, სამართლიანი შეფასებების საფუძველზე გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს და მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს საქართველოს, რაც წაახალისებს ევროპულ გზაზე ჩვენს წინსვლას სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად. იმედი მაქვს, ევროპარლამენტი ხელს შეუწყობს ამ გადაწყვეტილებას და ჩვენი კომიტეტის დღევანდელი მუშაობა საფუძველს ჩაუყრის ამ პოზიტიურ დინამიკას," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი მორიგ სხდომას თბილისში გამართავს.
საპარლამენტო დელეგაციას წარმოადგენდნენ მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გიორგი ჩაკვეტაძე, ეკა სეფაშვილი, ჰერმან საბო და ანა წითლიძე.