გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატიურ შემოწმებას, ასევე ავტომობილების და ჩვენ დავიწყებთ, უკვე მიმდინარე წლიდან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, შესაბამისი კონტროლი სპეციალური აპარატურის საშუალებით მოხდება.
"6 წელია საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება, სისტემატიურად. გეტყვით, რომ ჩვენ სხვა კომპლექსური ღონისძიებები დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს გაუმართავი ავტომობილები რიგ შემთხვევაში ბიზნესად არის გადაქცეული. ე. წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. სამწუხარო რეალობაა და პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი პრობლემის გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ.
პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატიურ შემოწმებას, ასევე ავტომობილების და ჩვენ დავიწყებთ, უკვე მიმდინარე წლიდან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს. სპეციალური აპარატურის საშუალებით," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.