15 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების 90%-ის ნება შესრულდეს და ქვეყანა ევროკავშირის გზას დაადგეს, საჭიროა ხელისუფლება შეიცვალოს - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების 90%-ის ნება შესრულდეს და ქვეყანა ევროკავშირის გზას დაადგეს, საჭიროა ხელისუფლება შეიცვალოს.

სამადაშვილის თქმით, მმართველ გუნდს ქვეყანა მიჰყავს საპირისპირო მიმართულებით იმ კონსტიტუციური არჩევანისგან, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა.

"კანდიდატის სტატუსს მიიღებს თუ არ მიიღებს საქართველო, ამას დიდი კავშირი არ აქვს იმ რეალობასთან, რომ დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ეს ქვეყანა მიჰყავს საპირისპირო მიმართულებით იმ კონსტიტუციური არჩევანისგან, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა, რომ ჩვენი ადგილი უნდა იყოს ევროკავშირში და ნატო-ში. ამიტომ, ცხადია ხელისუფლების შეცვლა იმისთვის, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის ოცნება განხორციელდეს, 90%-ის ნება შესრულდეს და ეს ქვეყანა მართლაც დაადგენს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ყველა შემთხვევაში არის აუცილებელი", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებაში მყოფი რუსული რეჟიმის მიუხედავად, ევროპა ქართველ ხალხს და ქვეყანას არ წაართმევს ევროკავშირისკენ წინსვლის შესაძლებლობას.

"საქართველომ ერთხელ უკვე გაუშვა ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველომ,სწორედ რუსული რეჟიმის გამო, ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მორიგ ჯერზე არ მოხდება და რუსული რეჟიმის მიუხედავად, ევროპა ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას არ წაართმევს ამ შესაძლებლობას. ჩვენ, ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ძალიან ბევრს ვიბრძვით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები