პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დღეს სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან შეხვედრა იმართება. ევროკავშირის ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, დიპლომატიურმა საზოგადოებამ და მთავრობამ ინფორმაცია მაქსიმალურად ინტენსიურად გაცვალონ.
მისივე შეფასებით, შეხვედრები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ქვეყნისთვის საკვანძო მომენტი დგება - ევროკომისია ოქტომბერში გამოაქვეყნებს გაფართოების შესახებ ანგარიშს, ამის შემდეგ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს გადაწყვეტილებას მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.
"შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრს შევხვდებით. ჩვენ ამას მისი მიწვევით ვაკეთებთ, ამიტომ ინიციატივა პრემიერ-მინისტრის იყო, მაგრამ ერთმანეთს რეგულარულად ვხვდებით. ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც მთელ მთავრობას, ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ შევდივართ საკვანძო მომენტში, როდესაც ევროკომისია წარადგენს ოქტომბერში გაფართოების ანგარიშს და შემდეგ ევროკავშირის ლიდერები, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალი ნაბიჯების შესახებ. ჩვენ გვაქვს ძალიან ღია და გულწრფელი დისკუსიები საქართველოს მთავრობასთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და ამ დისკუსიების დროს განვიხილავთ ყველა საკითხს, რაც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს ეხება,“ - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.