15 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
პარტიული ღონისძიება ყოფილი თავმჯდომარის გარეშე - "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება

"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დიპლომატებს შიდაპარტიულ დემოკრატიაზე 100-დღიანი ანგარიში ჩააბარა, თუმცა საკონფერენციო დარბაზში ყოფილი თავმჯდომარისთვის ადგილი ვერ გამონახა. ჯერ თქვა, რომ ნიკა მელიასთვის მოსაწვევი არ გაუგზავნია, თუმცა შემდეგ დააკონკრეტა, რომ მისი წინამორბედი პარტიის წევრი აღარ არის.

პარტიული ღონისძიების მიღმა დარჩენილებმა, ხაბეიშვილს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას არ გეგმავენ. ისიც თქვეს, რომ მოქმედი თავმჯდომარისგან განსხვავებით, დიპლომატებთან სასაუბროდ მელიას ენობრივი ბარიერიც არ აქვს.

ხაბეიშვილის გუნდი კონფერენციაზე მიწვეულ სტუმრებთან ამტკიცებდა, რომ ახალმა მენეჯმენტმა პოლიტიკური საბჭო სამართლიანად დააკომპლექტა, არჩევნები კი გამჭვირვალედ ჩაატარა. 2 საათიანი შეხვედრის განმავლობაში, პარტიაში არსებულ შიდა პრობლემებზე არავის უსაუბრია.

ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებები მიუღებელია, პარტიიდან წასული ლიდერებისთვის. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები ფიქრობენ, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილის საბოლოო მიზანი, ხაბეიშვილის ხელით პარტიის სრულად ჩამოშლაა.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები პარტიას პოლიტიკური რადარებიდან საბოლოოდ გააქრობს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ყოფილი ძალოვნების ჩრდილოვანი მმართველობა ახალ თავმჯდომარესთან ერთად, "ნაციონალურ მოძრაობასაც" შეიწირავს.

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" რამდენიმე თვის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. მორიგი უთანხმოების მიზეზი, პარტიული ღონისძიება გახდა, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა ყოფილი თავმჯდომარისა და მისი თანამოაზრეების გარეშე გამართა.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები