პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ანა წითლიძე, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციას მოუწოდებს, არ დააზიანონ ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალი კურსი.
ანა წითლიძე ბოჭორიშვილს მიმართავს, რომ ოპოზიციის კრიტიკის პარალელურად, სჯობს შენიშვნები მმართველ გუნდსაც მისცეს.
მისივე თქმით, მაკა ბოჭორიშვილმა ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს, თუ რა განწყობებია 12 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროპაში.
"ახლა კიდევ უფრო მძიმე იყო მაკა ბოჭორიშვილის მოსმენა, რომლის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება და არც იმაში, რომ მას უნდა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაგრამ ეჭვი მეპარება იმაში, რომ ის განცხადება, რაც მან ახლა გააკეთა, იყო გულწრფელი და გამოხატავს იმას, რასაც ფიქრობს.
რადგან მაკა ბოჭორიშვილმა ზედმიწევნით კარგად იცის, როგორია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განწყობა და ეს განწყობა არის ძალიან მძიმე 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებაზე.
როდესაც მაკა ბოჭორიშვილი, სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს და კრიტიკულ მედიას მოუწოდებს, ჭკუას ასწავლის და ეუბნება, რომ საქართველოს ევროპულ კურსს აზიანებს, პირველ რიგში თავის თანაგუნდელებს უნდა მისცეს შენიშვნა, რომ არ აკეთონ მსგავსი განცხადებები," - აცხადებს ანა წითლიძე.