15 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
ჩემი მოწოდება "ქართული ოცნების" მიმართ იქნებოდა შემდეგი, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება შეწყდეს - ხატია დეკანოიძე

ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ "დეოლიგაქრიზაციის შესახებ" კანონპროექტს ეხება, შეფასებები გრძელდება ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის არსებული შინაარსით მიღებაზე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრი, ხატია დეკანოიძე აცხაბდეს, რომ დასკვნაში რამდენიმე საკითხია ხაზგასმული, რატომაც არ უნდა მიიღოს მმართველმა პარტიამ კანონპროექტი. 

"ხაზგასმულია ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში. მეორე, სისტემურ რეფორმაში და მიდგომაში ვენეციის კომისია გულისხმობს ანტიკორუფციული სასამართლო სისტემის და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც რეალურად, ქვეყანაში არ არსებობს. და მესამე, პირდაპირ არის ხაზგასმული რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეიძლება კონკრეტულად სხვა ადამიანების რეპრესიებისთვის გამოიყენოს ქართულმა ოცნებამ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჩემი მოწოდება ქართული ოცნების მიმართ იქნებოდა შემდეგი - რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება შეწყდეს," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათლად არის ნათქვამი, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ევროკავშირის მოთხოვნებს არ შეესაბამება. 

"ძალიან მკაფიოა ვენეციის კომისიის დასკვნა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება, ეს კანონი არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, იმ რეკომენდაციებს, რაც აქვს ევროკავშირს. ამაზე მკაფიო დასკვნა, ამაზე პირდაპირი ნათქვამი მე ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს. ამიტომ, კანონპროექტი, რომელიც არის რეგისტრირებული, ჩავთვალოთ რომ გადასაგდებია და სისტემური მიდგომა უნდა იყოს დეოლიგარქიზაციის კუთხით, იმ მოდელის რაც ოპოზიციამ სამოქალაქო სექტორთან ერთად მოაწერა ხელი," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ. 

"ვენეციის კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ სისტემური რეფორმები გაატარონ და ის კანონპროექტიც მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა შემოტანილი, სწორედ აღნიშნული ტიპის სისტემური მიდგომის დაფუძნებას ითხოვდა, რომ განხორციელდეს ცვლილებები მართლმსაჯულებს სისტემაში, ისევე როგორც ბევრ სხვა სისტემაში, რომ მივიღოთ ძირეული ცვლილება," - აცხადებს თინა ბოკუჩავა. 

 

დღის ამბები