ეკონომისტი ანდრია გვიდიანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. ანალიტიკოსი არჩილ მესტვირიშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საეჭვო კავშირებზე საუბრობს, თუმცა ამის დამამტკიცებელი კონკრეტული არგუმენტი არ მოჰყავს.
გვიდიანის თქმით, მესტვირიშვილი 2009 წელს ბანკის ვიცე-პრეზიდენტად ვანო მერაბიშვილის ლობირებით დაინიშნა, რაც მასზე დამატებით კითხვებს აჩენს.
გვიდიანი ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ ეროვნული ბანკის უმოქმედობაზეც საუბრობს და ამტკიცებს, რომ მიზანი ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაკავშირებით IMF-ის მიერ გაკეთებული დაბალი პროგნოზების შესრულებაა.
მთავარი საფინანსო ინსტიტუტის საქმიანობაში ხარვეზებს ხედავს საპარლამენტო უმრავლესობაც.
კანონმდებლები მესტვირიშვილის პერსონაზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა განმარტავენ, რომ ბანკის არაეფექტური საქმიანობა, შესაძლოა გარე ძალების გარკვეულ ინტერესს მართლაც წარმოადგენდეს.
დეპუტატები ინფლაციისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საფინანსო ინსტიტუტის გამართული მუშაობის აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს.
მმართველი პარტიის სურვილების გახმოვანებად აღიქვა ოპოზიციამ ეკონომისტის მოსაზრება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობას ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის დამორჩილება სურს.
პოლიტიკოსები,რომლებიც წლებია ეროვნული ბანკის საქმიანობით უკმაყოფილოები არიან, არჩილ მესტვირიშვილის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარებათ.
პერსონებზე საუბრისგან, დღეს თავი შეიკავეს, "ქართული ოცნების" ლიდერებმაც. თქვეს, რომ სების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასაც ეკისრება.შესაბამისად მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით, სამომავლოდ სტრატეგიული საფინანსო ინსტიტუტის გამართულ საქმიანობას უზრუნველყოფს.
გვიდიანის ბრალდებებს დღეს არჩილ მესტვირიშვილი და IMF -ის წარნომადგენლობა არ გამოხმაურებიან. სების პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2 მარტს ამოეწურა. ამ დრომდე ფინანსური ინსტიტუტის პირველი პირის პოსტი ვაკანტურია.