უკრაინის ეკონომიკის სამინისტროში ჯერ არ განმარტავენ, თუ რატომ დაუჭირა მხარი უკრაინამ ფართომასშტაბიანი ომის მეორე წელს საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენელს – წერს უკრაინული გამოცემა UNIAN.
გამოცემის ცნობით, უკრაინის წარმომადგენელმა რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან ერთად ხმა მისცა რუსეთის კანდიდატურას, "გაზპრომნეფტის" თანამშრომელს სერგეი ბარანოვს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის არქტიკული ოპერაციების კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული პროტოკოლის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე რუსეთის წარმომადგენლის არჩევას 14 ქვეყანამ დაუჭირა მხარი - ავსტრია, არგენტინა, ბაჰრეინი, ირანი, ესპანეთი, კატარი, ჩინეთი, კორეა, ქუვეითი, მექსიკა, რუსეთის ფედერაცია, საუდის არაბეთი, ტაილანდი და უკრაინა.
ამავდროულად, წინააღმდეგ მისცეს ხმა კანადამ, დანიამ, ფინეთმა, ნორვეგიამ და დიდმა ბრიტანეთმა.
კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს ავსტრალიამ, ბელგიამ, ბრაზილიამა, კვიპროსმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ინდონეზიამ, ირლანდიამ, იტალიამ, იაპონიამ, ყაზახეთმა, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, შვედეთმა და აშშ-მა.
უკრაინა ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმოდგენილია უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საწარმო UkrNDNC-ის ეროვნული სტანდარტიზაციის ორგანოს სახით.