15 ნოემბერი 2024,   11:13
ვრცლად
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი - ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი - ეს იმ საკითხების ძირითადი ჩამონათვალია, რომელზეც პრემიერ-მინისტრი ევროპელ ლიდერებთან გამართულ შეხვედრებზე მსჯელობდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. შარლ მიშელმა მთავრობის მეთაურს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. ლიდერებმა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ისაუბრეს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სტატუსის მინიჭება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისითაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევის გაწევისთვის მადლობა გადაუხადა.

პირისპირ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გამოეხმაურნენ. შარლ მიშელის განცხადებით, "სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე." ირაკლი ღარიბაშვილი კი წერს, რომ "საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა" და მოლოდინია, რომ ევროპული საბჭო კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

ევროინტეგრაციის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საქართველოს როლზე ისაუბრეს. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ხედავენ და ევროპელი ლიდერების განწყობა პოზიტიურია.

ქვეყნის ევროპული დღის წესრიგი იყო საუბრის მთავარი თემა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან შეხვედრის დროსაც. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა დადებითი დინამიკა არსებობს ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მხრივ. მთავრობის მეთაურმა კომისარს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, სახელმწიფოს ძალისხმევა რეკომენდაციების შესრულების მხრივ. პრემიერ-მინისტრი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი პოზიციისთვის ევროკომისარს მადლობას უხდის.

მთავრობის მეთაურმა ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა დღეს ბელგიელი კოლეგისგან პირადად მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილი და ალექსანდერ დე კროო ერთმანეთს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ. ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრებს დატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდათ. ლიდერებმა პოზიციები ჯერ პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაცვალეს. შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად რეგიონული და გლობალური გამოწვევები განიხილეს.

პირისპირის შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც შედგა. მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე გაამახვილეს. განხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით.

დღესვე საქართველოსა და ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროებთან ერთად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

კიდევ ერთი შეხვედრა ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან გაიმართა.

საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განმტკიცება იყო ელიან ტილიესა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის მთავარი თემა. შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო პარტნიორობას. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა "ევროპალიაზე" საქართველოს მასპინძლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. ელიან ტილიემ კი საქართველოს დელეგაციას ბელგიის სამეფოს პარლამენტის ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.

 

დღის ამბები