პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია ეფუძნება, ასახავდა იმ პერიოდის ევროპაში ყველაზე პროგრესულ ტენდენციებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში მიხეილ მუსხელიშვილი (მიშელ მუსხელი) გაიხსენა.
"ძვირფასო სტუმრებო, დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავს. 105 წლის წინ, როგორც კი საქართველომ რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენმა პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მიიღო პირველი კონსტიტუცია. ეს კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია ეფუძნება, ასახავდა იმ პერიოდის ევროპაში ყველაზე პროგრესულ ტენდენციებს. ახალგაზრდა, მაგრამ ხანმოკლე ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა უკვე მხარს უჭერდა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ბელგიაში ყოფნისას არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ამ კონსტიტუციას განსაკუთრებით აფასებდნენ 1920 წელს საქართველოში ჩამოსული ევროპელი სოციალისტების დელეგაციის ბელგიელი წევრები.
"ამ კონტექსტში მინდა გავიხსენო ძალიან ცნობილი ქართველი ადამიანი მიხეილ მუსხელიშვილი (მიშელ მუსხელი), ქართველი მეცნიერი და ევროკონსტიტუციის პროექტის თანაავტორი, ადამიანი, რომელმაც თავის დროს გაუსწრო და გაერთიანებული ევროპის იდეით გატაცებულმა, მისი ჩამოყალიბება იწინასწარმეტყველა. მან ერთხელ თქვა, რომ - საქართველომ იცის, რომ მისი ადგილი ევროპაშია და საჭიროა, რომ საქართველომ დაიკავოს თავისი ადგილი ევროპაში და დასავლურმა ქვეყნებმა მიიღონ საქართველო თავიანთ ოჯახში. ეს სიტყვები, ძვირფასო მეგობრებო, თითქმის ერთი საუკუნის წინ იყო წარმოთქმული. დღეს ჩვენ უკვე გვიღებენ ევროპული ერების ოჯახში და ჩვენც გვინდა ეს თქვენთან ერთად ვიზეიმოთ," - განაცხადა პრემიერმა.