15 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
გვჯერა, რომ ჩვენმა ისტორიამ, კულტურამ, ღირებულებებმა და ბოლოდროინდელმა მიღწევებმა მოგვამზადეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გამოწვევების დასაძლევად - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენმა ისტორიამ, კულტურამ, ღირებულებებმა და ბოლოდროინდელმა მიღწევებმა მოგვამზადეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გამოწვევების დასაძლევად," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს გეოგრაფიამ ხელი შეუწყო ქართველების მდიდარი ისტორიის ჩამოყალიბებას.

"ევროპისა და აზიის, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების გასაყარზე, დიდი აბრეშუმის გზის სიახლოვეს, დიდ იმპერიათა შორის ბრძოლების ეპიცენტრში ყოფნამ, როდესაც ხშირად თავად ვიყავით ამ დაპირისპირების სამიზნე, საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ გააძლიერა ჩვენი ერი, ჩამოაყალიბა ჩვენი იდენტობა და ჩვენი ღირებულებები. ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენი სურვილი ამ უნიკალურ ისტორიულ გამოცდილებაშია, და ეს არის ის, რაც გვაძლევს თავდაჯერებულობას, გავაგრძელოთ ეს გზა, მაშინ, როდესაც ძალიან ცოტას სჯეროდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით.

უძველესმა კოლხებმა - ოქროს საწმისის მფლობელებმა - ადრეულმა ქრისტიანმა ქართველებმა IV საუკუნეში ან ადრეული ქართული აღორძინების ოსტატებმა XII-XIII საუკუნეებში ჩაუყარეს საფუძველი იმ ერს, რომელმაც გაუძლო ისტორიის მრავალ უბედურებას და მოახერხა არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ მსოფლიოს აჩუქა ჩვენი არქიტექტურის, ოქრომჭედლობისა და ლიტერატურის მრავალი შედევრი.

შოთა რუსთაველის მე-12 საუკუნის ეპიკურმა პოემამ „ვეფხისტყაოსანმა“ კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჩვენი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას და არანაკლებ მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ჩვენი უნიკალური ენის შენარჩუნებაში, - იმავე ენისა, რომელზეც რომის იმპერიის დროს ვსაუბრობდით და ახლაც ვაგრძელებთ საუბარს ამ ენაზე. წერისთვის ჩვენ ვიყენებთ უნიკალურ და უძველეს ანბანს, რომელიც, როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეშვიდე საუკუნეში არსებობდა.

ქართული ანბანის დამწერლობის სამი სისტემა დღეს იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები