15 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ეს არის "ვივამედის" სასწაული, ადამიანი მოაბრუნა არა მხოლოდ სააქაოს, არამედ პირდაპირ ქართულ პოლიტიკაში - იაგო ხვიჩია

ჩემი აზრით, ეს არის "ვივამედის" სასწაული. ადამიანი, რომელიც 60 კილო იყო და გვეუბნებოდნენ, რომ დღე-დღეზე კვდება, კლინიკამ მოაბრუნა არა მხოლოდ სააქაოს, არამედ პირდაპირ ქართულ პოლიტიკაში -  ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: "მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად".

ხვიჩიას თქმით, მეტი დამაჯერებლობისთვის, სააკაშვილმა საავადმყოფოს ნაცვლად ციხიდან უნდა უხელმძღვანელოს პოლიტიკურ პროცესებს.

"მგონია, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მხიარულები. ეს მოსალოდნელი იყო ისედაც, ჩვენ დიდი ხანია ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, მიგვაჩნდა, რომ არც არსად წასულა. შემდეგ კონსულტაციებზეც უნდა დაგვიჯეროს და საერთოდ ციხეში უნდა გადავიდეს და იქიდან უხელმძღვანელოს პოლიტიკურ პროცესებს „ნაცმოძრაობაში“. „ნაცმოძრაობამ“ უნდა მოითხოვოს თავისუფალი დაშვება მიხეილ სააკაშვილთან და გააუქმებინონ შალვა პაპიაშვილის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებს მასთან არ უშვებენ. მიხეილ სააკაშვილმა მეტი დამაჯერებლობისთვის საავადმყოფოს ნაცვლად ციხის პალატიდან უნდა უხელმძღვანელოს მთელ ამ პროცესებს. ლიდერი იმ პარტიის, რომელსაც გამარჯვება უნდა, უნდა იყოს ციხეში და ჯანმრთელობას და მხნეობას უნდა ასხივებდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. მის ჯანმრთელობას არანაირი პრობლემა აღარ შეექმნება," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები