15 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
ევროსაბჭოს 12 რეკომენდაცია, მისი შესრულების პროცესი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან - საკანონმდებლო ორგანოში ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს

ევროსაბჭოს 12 რეკომენდაცია, მისი შესრულების პროცესი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან - საქართველოს პარლამენტი ბოლო 7 საათია ქვეყნის პირველ დიპლომატს უსმენდა და მას კითხვებს უსვამდა. ილია დარჩიაშვილის მინისტრის საათი კი საკანონმდებლო ორგანოში ხმაურით დაიწყო. საგარეო უწყების ხელმძღვანელისგან ოპოზიციას ძირითადად ის აინტერესებდა, თუ ვინ არის ევროკავშირის ქვეყნებიდან მზად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭიროს.

ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებს საპასუხო რეაქცია მოყვა ოცნებიდან. უმრავლესობის დეპუტატებმა ოპონენტებს მათი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში დაშვებული შეცდომები შეახსენეს.

საგარეო საქმეთა მინისტრისგან ოპოზიციონერ დეპუტატებს ძირითადად კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებდათ. მათი შეკითხვებიც რეკომენდაციებისა და 12 პუნქტის შესრულებას ეხებოდა.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ქვეყნის ინტერესებს ხელისუფლების ოპონენტების რიტორიკა აზიანებს.

ქვეყნის პირველმა დიპლომატმა პარლამენტში საქართველოს საგარეო კურსის პრიორიტეტებზე ანგარიში მინისტრის საათის ფორმატში წარმოადგინა.

7 საათიანი მოსმენის ბოლოს სხდომათა დარბაზში მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი, არმაზ ახვლედიანი დარჩა, ხელისუფლების დანარჩენმა ოპონენტებმა დასმულ კითხვებზე პასუხების მოსმენა აღარ ისურვეს.

დღის ამბები