15 ნოემბერი 2024,   10:56
ვრცლად
"ეს არის პირდაპირ გაწვრთნა ბავშვების, ახალგაზრდების და მათი მომზადება რევოლუციური პროცესებისთვის" - ვატო შაქარაშვილი

კონსერვატიული გაერთიანების "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი ვატო შაქარაშვილი აცხადებს, რომ ბორჯომში დაგეგმილი სემინარი ახალგაზრდების "რევოლუციური პროცესებისთვის მომზადებას" ისახავდა მიზნად.

მისივე თქმით, სწორედ ამ ყოველივეს აღსაკვეთად შეიკრიბა ადგილობრივი მოსახლეობა ბორჯომში.

"ამას არაფერი საერთო არ აქვს განათლებასთან, აღმზრდელობით საქმიანობასთან, ეს არის პირდაპირ გაწვრთნა ბავშვების, ახალგაზრდების და მათი მომზადება რევოლუციური პროცესებისთვის, იმისთვის, რაც ვიხილეთ ჩვენ 7-8 მარტს. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, საჯარო ინფორმაცია იყო ის, რომ სწორედ ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ პირს და ერთ-ერთ ყველაზე დესტრუქციულ პოლიტიკოსად წოდებულ ზურა გირჩი ჯაფარიძეს უნდა ჩაეტარებინა იქ ე.წ. ლექცია და ამის გასაპროტესტებლად, ამის აღსაკვეთად იკრიბებოდა ადგილობრივი მოსახლეობა,"- აცხადებს ვატო შაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო ბორჯომში - "გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრები, სემინარის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა, პარტიას მოქალაქეებმა სემინარის ჩატარების უფლება არ მისცეს და მათი მიერ, ბოლო პერიოდში, პატრიარქზე გაკეთებული განცხადებები შეახსენეს.

სემინარის მონაწილეებმა გაავრცელეს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ადამიანთა ჯგუფი ბანაკის ტერიტორიის სიახლოვეს საპროტესტო აქციას აწყობდა, მათ სასტუმროს ეზოს, სადაც სემინარის მონაწილეები იმყოფებოდნენ, ქვები დაუშინეს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პროტესტის შემდეგ, "ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" მიერ დაგეგმილი სემინარი ჩაიშალა. განცხადება გაავრცელეს საზოგადოებრივი მოძრაობის - "საქართველო უპირველეს ყოვლისა" წევრებმა, სადაც ნათქვამია, რომ დესტრუქციულ ძალებს, ეკლესიის მტრებს და ქვეყნის არევის მსურველებს, არ მისცემენ საშუალებას ახალგაზრდები საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ განაწყონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები