საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს.
ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ფრანკლინის" კლუბი ორგანიზაციის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავს.
მისი განცხადებით, ღონისძიების ჩატარება პოლიტიკური გზავნილია და იმის მანიშნებელია, რომ ისინი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან.
როგორც შაქარიშვილი აცხადებს, ადგილზე მივიდნენ იმის გამო, რომ დაიცვან მომავალი თაობა, რათა არ მოხდეს ე.წ. რადიკალური ოპოზიციის გავლენის ქვეშ მოქცევა.
"ჩვენი პროტესტი ყოველთვის იქნება მშვიდობიანი. ჩვენ მოვედით იმის სათქმელად, რომ საქართველოში "ფრანკლინის" კლუბი, არის მავნებლური ორგანიზაცია. ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ქვეყნის გარედან.
არის მიმართული, რომ ახალგაზრდები გამოიყენონ პროვოკაციისა და ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად. ეს, რომ ჩემი შეფასება არ არის, ამას ადასტურებს 7-8 მარტის მოვლენები, როდესაც იმ პოლიტიკოსებად წოდებულმა ოდიოზურმა პირებმა და ამ ქვეყნის მტრებმა, რომლებიც აქ მოწვეული ჰყავთ ე.წ. სპიკერებად წაიყვანეს ბავშვები პროვოკაციაზე, ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები, მოაწყვეს ქაოსი და არეულობა, შემდეგ კი ისხდნენ ტელევიზორებთან და ხელებს იფშვნეტდნენ, როდის შეეწირებოდა ვინმეს სიცოცხლეს ამ მოვლენებს, აი ამ ხალხთან გვაქვს საქმე.
ამის გასაპროტესტებლად მოვედით და იმის სათქმელად, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება და ამ ქვეყანაში რევოლუციურ სცენარებს ვერავინ აღასრულებს, მით უმეტეს ბავშვების გამოყენებით-ჩვენ დავიცავთ ბავშვებს,"-აცხადებს ვატო შაქარიშვილი.