რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს, 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სააკაშვილმა პროცესზე ჩართვის მზაობა გამოთქვა, თუმცა უცნობია, მიეცემა თუ არა მას ამის საშუალება.
"ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ კი გუშინ კიდევ ერთხელ დააანონსა, რომ უახლოეს ხანებში ვიხილავთ იმ გაერთიანებას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო იქმნება. ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა მათ მხარდამჭერთა რაოდენობას გაზრდის.
ოპოზიციის ნაწილი ღიად აცხადებს, რომ ისინი ამ ე.წ. ერთობაში შესვლას არ აპირებენ.
"ჩვენ, ბუნებრივია, არანაირ გაერთიანებაში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად არ ვიქნებით, არც ახლა, არც მოგვიანებით, წინასაარჩევნოდ. მიუხედავად ამისა, ძალიან ვგულშემატკივრობ ჩემს კოლეგებს, რომლებიც სულ ოცნებობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სიაში იყვნენ. მიშას ფაქტორი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება ამ სიტუაციაში, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის პარტიაა და მგონი, იმიტომაც ყოყმანობდნენ ჩემი კოლეგები გაერთიანებას, რადგან დარწმუნებულები არ იყვნენ, მიშა იქნება თუ არა,"- აცხადებს "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას საზოგადოებისთვის სიახლის შეთავაზება არ შეუძლია და შედეგიც მალე სახეზე იქნება.
"მერამდენედ მეორდება ეს უკვე სათვალავი ამერია, მეოთხე თუ მეხუთე არჩევნებია, როცა ჩვენი "ძლევამოსილი" ოპოზიცია ერთიანდება მიხეილ სააკაშვილის დროშის ქვეშ. ამ ადამიანებს არავითარი სიახლის შეთავაზება არ შეუძლიათ საზოგადოებისთვის, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი სხვადასხვა იპოსტასით შესთავაზონ ჩვენს ამომრჩეველს და შემდეგ აიტუზონ მის ზურგს უკან და ეცადონ ელექტორალური, მინიმალური წარმატების მიღწევას. შეუძლიათ გააგრძელონ ამ გზაზე სიარული და შედეგიც არ დაახანებს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.