დღეს, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 7 ნოემბრის საქმეზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლო გადაიდო. ექსპრეზიდენტმა პროცესზე ჩართვის მზაობა გამოთქვა - მას დისტანციურად განცხადების გაკეთება სურდა.
სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მათთან სასამართლოს გამართვის შესახებ ოფიციალური მიმართვა არ შესულა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
"ჩვენ ოფიციალური შეტყობინება სასამართლო პროცესის შესახებ არ მიგვიღია, წერილი არ შემოსულა ჩვენთან სასამართლოდან. თუ იქნება წერილი, შესაბამისად, სასამართლო პროცესში მის თანამონაწილეობას უზრუნველყოფს პენიტენციური სამსახური. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს საშუალებას, მიიღოს ონლაინ მონაწილეობა სასამართლო პროცესში. მისი მდგომარეობა სტაბილურია და, შეიძლება ითქვას, რომ პროგრესიც არის. პაციენტი ბევრად გააქტიურებულია, მოძრაობს და, შესაბამისად, უფრო მეტად ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს,"- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.