თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არსად წასულა, ხოლო ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ საზოგადოების თვალის ასახვევად დანიშნეს.
"სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს ყოფილა დაშორებული. ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ თვალის ასახვევად დანიშნეს. ყველა კარგად ხვდება ვინ არის პარტიის შემქმნელი თუ რიგითი წევრი. სააკაშვილი ყოველთვის მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის. მან ამაზე თავად თქვა უარი. ეს ცალკე განხილვის საგანია. ყოფილი პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს რომ დგამს, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს," - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია და ამ თემას ქვეყნის ინსტიტუციების წინააღმდეგ იყენებდნენ.
"თუ ვინმეს ეპარებოდა ეჭვი, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა პრობლემას წარმოადგენდა, რწმუნდება, რომ ეს იყო დიდი სიცრუე ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური კამპანია იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ - იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სისტემა. რეალურად, მას არანაირი რობლემა არ ჰქონდა. მკურნალობის თვალსაზრისით მას ყველანაირი შესაძლებლობა გააჩნდა, რადგან ჩვენთვის ყველა ადამიანის ჯანმრთელობა და
სიცოცხლე მნიშვნელოვანია," - აღნიშნა კახა კალაძემ.