მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. დაზუსტებული მაჩვენებლები, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. "საქსტატის" მონაცემების მიხედვით, ქვეყანა ახალი პარამეტრებით, ლიდერობას ისევ ინარჩუნებს. პირველ კვარტალში ზრდა 7.7 პროცენტია, რაც მონაცემების დაზუსტებამდე გამოქვეყნებულ ციფრებს აჭარბებს.
ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ მაჩვენებლების ზრდის დინამიკა განსაკუთრებულია იმ ფონზე, როცა ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ესტონეთში, უნგრეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთსა და ირლანდიაში, ეკონომიკური კლება ფიქსირდება. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველო პირველ კვარტალში, ყველაზე მაღალი მონაცემებით გამოირჩევა.
დასაქმებულთა ანაზღაურებაზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდშიც. ამბობენ, რომ ეკონომიკური აქტივობა, როგორც დასაქმების, ასევე საშუალო ხელფასის ზრდაზეც აისახა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეკონომიკის რეალურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვაჭრობის, კომუნიკაციისა და მშენებლობის სექტორებმა. ექსპერტები ამბობენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, აქტიური პერიოდი საქართველოს ჯერ კიდევ წინ აქვს.
"საქსტატმა" დღეს პირველი კვარტლის დაზუსტებული მონაცემები გაასაჯაროვა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციას, თვეში ერთხელ აქვეყნებს.