15 ნოემბერი 2024,   11:13
ვრცლად
ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი მზადაა, გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს, თუმცა უნიჭო შოუებში მონაწილეობას არ ვაპირებთ - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის ნებისმიერი თანამშრომელი მზადაა, ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს, თუმცა მერია არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს შოუებში, რომელთა დადგმასაც გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დედაქალაქის მერის მოადგილეების დაბარებასთან დაკავშირებით, დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

"სწორად მოქცეულან, თუ არ მივიდნენ, მე მივესალმები მათ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა და ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში თუ რაიმე კითხვა არსებობს, ყველას გაეცემა პასუხი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნული საკითხით მანიპულირებას ცდილობენ, საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანის ბედი და ჯანმრთელობა. მათი მთავარი მიზანია, როგორმე რაღაც მოაწყონ, შოუ დადგან.

ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. მიმდინარეობს გამოძიება, თუ გამოძიებიდან გამომდინარე საჭირო გახდება ვინმეს დაკითხვა, მერიის ნებისმიერი თანამშრომელი მზად არის, თუმცა თბილისის მერია ამ უნიჭო შოუებში მონაწილეობას ნამდვილად არ აპირებს," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები