15 ნოემბერი 2024,   11:01
ვრცლად
ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა - რას აცხადებენ პარლამენტში?

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, პროექტის ინიციირება და სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევა კობა გვენეტაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ შექმნილი ბუნდოვანების აღმოფხვრას უკავშირდებოდა.

ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. სპიკერის განმარტებით, სამომავლოდ აღმოიფხვრება ყოველგვარი ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას.

ამასთან, ვეტო დაძლეული კანონის საბოლოო მიღების პარალელურად, მთავარი საფინანსო ინსტიტუტის გარეშემო პოლიტიკური დისკუსია გრძელდება, მათ შორის, ოპოზიციისთვის საინტერესო ახლა ისაა თუ ვის აირჩევენ ვიცე-პრეზიდენტად და მოგვიანებით ვინ გახდება ბანკის ხელმძღვანელი.

"რატომ ჩხუბობს პრეზიდენტი და "ქართული ოცნება," რეალური მიზეზი მე არ ვიცი და არც ის ვიცი, რა შეიძლება ამ სიტუაციაში გააკეთო. ალბათ უკეთესი იქნებოდა რომ პრეზიდენტს პოზიცია დაეფიქსირებინა ზოგადად ეროვნული ბანკის თაობაზე, კანონზე.

რაც შეეხება ვეტოს ვეტოს დაძლევის პროცესის დასრულებას, ველოდები რა მოხდება უშუალოდ საბჭოში, უნდა აირჩიონ პირველი ვიცე-პრეზიდენტი. თუ ახალი მოვალეობის შემსრულებელი ეყოლება ეროვნულ ბანკს, ასევე საინტერესო იქნება, როგორ შეიცვლება მისი პოლიტიკა, თუ პოლიტიკა არ შეიცვლება, გამოვა რომ უბრალოდ თანამდებობისთვის ბრძოლა იყო," - აღნიშნა "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პროცესთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც.

"არაფერი არ იცვლება ეროვნული ბანკის არც ფუნქციონირებაში, არც სხვა პარამეტრებში, უბრალოდ, თუ აქამდე ეროვნულ ბანკში იყო სამი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია გახდება პირველი ვიცე-პრეზიდენტი," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

დღის ამბები