15 ნოემბერი 2024,   11:12
ვრცლად
ევროკომისიის შუალედური შეფასება - ტრიოს საკითხი ბრიუსელსა და სტოკჰოლმში მომდევნო 2 დღის განმავლობაში პოლიტიკური მსჯელობის მთავარი თემა იქნება

ევროკომისიის შუალედური შეფასება - ტრიოს საკითხი ბრიუსელსა და სტოკჰოლმში მომდევნო 2 დღის განმავლობაში პოლიტიკური მსჯელობის მთავარი თემა იქნება. სამი ქვეყნის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე დახურულ კარს მიღმა ზეპირ ანგარიშებს ჯერ ევროკავშირის ელჩებს, მოგვიანებით კი ევროპის საქმეთა მინისტრებს გააცნობენ. როგორ ასრულებს საქართველო 12 რეკომენდაციას და რა მოლოდინი არსებობს?! - მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ობიექტური შეფასების პირობებში საქართველოსთვის ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილება დადებითი იქნება და ქვეყანა სტატუსს მიიღებს.

სტატუსის მინიჭებას არ ელოდებიან ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება მმართველი ძალის პოლიტიკური ნების არ ქონაა. მიაჩნიათ, რომ ისტორიული შესაძლებლობა გამოყენებული უნდა იყოს და პარტნიორებისგან ტექნიკურ ნაწილზე მეტად პოლიტიკურ განაცხადს ელოდებიან.

21-22 ივნისს ბრიუსელსა და სტოკჰოლმში ჩანიშნული განხილვები ერთგვარი მზადებაა შემოდგომისთვის. ცნობილია, რომ საქართველოს მიერ შესრულებულ რეკომენდაციებზე ევროკომისია ოფიციალურ ანგარიშს ოქტომბერში წარადგენს. წლის ბოლოს, დეკემბერში კი საქართველოსათვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ოპოზიციის ნაწილი წინასწარ განწყობილია,რომ ქვეყანა შესაძლებლობას ვერ გამოიყენებს და ასეთ შემთხვევაში მხოლოდ სახელისუფლებო გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ოპონენტების შეფასებას მმართველი გუნდი პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციას არ სურს ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ სტატუსი მიიღოს.

ევროკომისიის ანგარიშები, ისევე, როგორც ელჩებთან და ევროპის საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა საჯარო არ არის. ანგარიშებზე დაუდასტურებელი ინფორმაცია მხოლოდ მედიაში ვრცელდება ხოლმე. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი წერს, რომ საქართველოს 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად შესრულებული აქვს, 8-ზე ნაწილობრივი პროგრესია, ერთზე კი საერთოდ არ აქვს პროგრესი. უკრაინას 7 რეკომენდაციიდან 2 სრულად შესრულებული აქვს. 4-ზე გარკვეული, 1-ზე კი კარგი პროგრესი აქვს. რაც შეეხება ტრიოს კიდევ ერთ წევრ- მოლდოვას, რიოკარდ იოზვიაკის ცნობით- 9 რეკომენდაციიდან ქვეყანამ 3 სრულად შეასრულა, 2-ზე კარგი, ხოლო4-ზე ნაწილობრივი პროგრესი აქვს.

დღის ამბები