15 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ რადიკალური ოპოზიციის მოგერიების ფონზე რთულია კონცენტრაცია იმაზე, რომ რაც კეთდება, უფრო ხარისხიანად გაკეთდეს

"იდეალურ ქვეყანაშიც კი აუცილებელია ჯანსაღი ოპოზიციური და განსხვავებული აზრის მუდმივად არსებობა, რადგან თუ ადამიანს რაიმე წინააღმდეგობა არ ხვდება ცხოვრებაში, მოეშვება და რთულია მისი განვითარება. ქვეყანას თავისთავად მეტი სჭირდება და ვხედავთ კიდეც, რამდენი თემა არის, რომელზეც შეგვეძლო თუნდაც პარლამენტში ეფექტურად გვემსჯელა", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, ჯანსაღი ოპოზიციის არსებობა, ხელისუფლება არ მოდუნდეს და პროცესები არ შეფერხდეს.

"არ ვიცი, რამდენად უპრიანი იქნება ამ კვლევების შეფასება. ყველასთვის ნათელია, ვისი დაკვეთილია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამ ადამიანზე, რომ მილიონები აქვს ნაშოვნი ჯერ ჩვენი ჯარის, ხოლო შემდეგ - უცხოელი პენსიონერების ძარცვით. ამ ფულით კი შეუკვეთა კვლევები. ამაზე მეტყველებს კვლევებში მონაცემების გამეორება, უხეირო გამეორების გენია შეიძლება, დავარქვათ მათ კვლევებს, რადგან არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან. ყველამ ვიცით ჩვენი საზოგადოების განწყობები. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანიპულაციის თემაა არა მარტო კვლევები, არამედ ის, თუ როგორ ფუნქციონირებენ რადიკალური ოპოზიციის წევრები, მათი ტელევიზია და ჟურნალისტები. თუნდაც რომ გავიხსენოთ მათი გარჩევები, როგორ ჩამოიშორეს მელია, როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ, როგორ დაადო ხელი რურუამ მერაბიშვილს და თქვა, რომ რუსების აგენტია, რისი მაგალითებიც მოიყვანა. არაერთხელ გავუსვი ხაზი, რომ ჩვენც კი არ გვიკადრებია მათთვის მსგავსი ეპითეტები, რასაც ერთმანეთს აკადრებენ.

ეს არის, სამწუხაროდ, სახე ოპოზიციის დიდი ნაწილის. უნდა ვაღიაროთ, რომ რაც არ უნდა ქილიკითა და ირონიით ვისაუბროთ, ფაქტია, რომ ქვეყანას ბევრი რამ აკლდება მათი ასეთი დამოკიდებულებით, სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, რადგან განსახილველი თემა ძალიან ბევრია. იდეალურ ქვეყანაშიც კი აუცილებელია ჯანსაღი ოპოზიციური და განსხვავებული აზრის მუდმივად არსებობა, რადგან თუ ადამიანს რაიმე წინააღმდეგობა არ ხვდება ცხოვრებაში, მოეშვება და რთულია მისი განვითარება. ქვეყანას თავისთავად მეტი სჭირდება და ვხედავთ კიდეც, რამდენი თემა არის, რომელზეც შეგვეძლო თუნდაც პარლამენტში ეფექტურად გვემსჯელა. ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ შიდა პროცესების გამო, სადაც გვიწევს რადიკალური ოპოზიციის მოგერიება, გვიწევს განვითარების პროცესების შენელება. ამ ყველაფრის ფონზე რთულია კონცენტრაცია და კონსოლიდაცია იმაზე, რომ რაც კეთდება, უფრო ხარისხიანად გაკეთდეს და მეტად იყოს მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე.

ფაქტია, რომ მოქალაქეებსაც აქვთ პრეტენზიები და გამოწვევები არსებობს, არ ვართ ჯერ ისეთი იდეალური ქვეყანა, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ პროგრესი რომ არსებობს, მას გაზრდა და წინსვლა სჭირდება, ეს უკვე აღარ არის ქილიკის საგანი, უფრო მეტად უნდა დასერიოზულდნენ პოლიტიკური პარტიებიც. ჩვენ თავისუფალი ნება ავირჩიეთ და არა რადიკალური ქმედებები, რათა ამ თავისუფალ გარემოში შევძლოთ ჯანსაღი პოლიტიკური ამინდისა და პარტიების შექმნა, სადაც, რა თქმა უნდა, იქნება აზრებს შორის ჭიდილი, მაგრამ იქნება, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანსაღი კონკურენცია და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური დამოკიდებულება", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა "პოსტივის" ეთერში .

დღის ამბები