კიბერუსაფრთხოება, როგორც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და თანამედროვე ცივილიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების ორგანული ნაწილი - კიბერუსაფრთხოების ფორუმი ამ საკითხების განხილვას მიეძღვნა. ფორუმი პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
საფრთხეების გამოვლენა, მათი გადაჭრის გზების მოძებნა უწყებათაშორის დონეზე, და პარტნიორ ქვეყნებთან კომუნიკაციის საშუალებით ხდება. ფორუმის მონაწილეები აღნიშნავენ რომ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოებისთვის.
ტექნოლოგიების განვითარება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით რისკებს ზრდის. ამ რისკების გასანეიტრალებლად კი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები აქცენტს ეროვნული სტრატეგიის აღსრულების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაწეულ კონტრიბუციაზე აკეთებენ.
პარტნიორები ამჩნევენ და საუბრობენ იმ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით განახორციელა. საქართველო, როგორც დანარჩენი მსოფლიო ტექნოლოგიების განვითარების ერაში რისკის ქვეშაა, და ამიტომ მოკავშირეები პრობლემების გადასაჭრელად, ერთობლივ თანამშრომლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ორდღიანი ფორუმი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით იმართება. ფორუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და საერთაშორისო დონეზე, კიბერკომპონენტის საშუალებით, საქართველოს როლის გაძლიერება.