თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მისასალმებელია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.
როგორც ირაკლი ნადირაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ერთიანია და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და მისი ფაქტორი პარტიას კიდევ უფრო გააძლიერებს.
"მან კარგად იცოდა, როდესაც ჩამოდიოდა ამ ქვეყანაში, ის თავის სიცოცხლეს აყენებდა საფრთხის ქვეშ. იმიტომ რომ დაჭერის შემთხვევაში ხდებოდა პუტინის პირადი პატიმარი, რაც მოხდა. ამიტომ ამ ადამიანმა სიცოცხლე გასწირა და ჯანმრთელობის ფასად მზად არის რომ თავისი თავი გადადოს. ის არასოდეს დანებდება. ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" შეიძლება ძალიან უნდოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მომკვდარიყო პუტინის საამებლად, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის სულით მებრძოლი ადამიანი და არასდროს არ ნებდება" - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ამასთან, ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლევიდან კვლევამდე ძლიერდება.
"არანაირად ორადგახლეჩილი პარტია არ არის. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ შიდა არჩევნების შემდგომ პარტია კვლევიდან კვლევამდე ძლიერდება და მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის შემდგომ, მე დარწმუნებული ვარ ეს პროცენტი კიდევ უფრო გაიზრდება და პარტია გაერთიანდება მიხეილ სააკაშვილის გარშემო. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი იყო გადამწყვეტი ფაქტორი ადრეც, მაგრამ მისი ჩართვის შემდგომ სხვა მუხტი მიეცემა პარტიას, ხელმძღვანელებს, აქტივისტებს და ყველას, ვინც ამას ელოდებოდა. მიხეილ სააკაშვილი იქნება ის ადამიანი, ვინც ითამაშებს გადამწყვეტ როლს რუსი ოლიგარქის დამარცხებაში," - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.