15 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
პატარა პარტიებისთვის "ნაცმოძრაობაში" დაბრუნების ლეგიტიმაცია მოხდება - იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

რას შეცვლის პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკაში ჩართვის შესახებ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში - ამ კითხვას "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში უპასუხა.

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში" შექმნილ პატარა პარტიებს ისევ "ნაცმოძრაობაში" დაბრუნების ლეგიტიმაცია გაუჩნდებათ. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" სააკაშვილის ხატს საზოგადოებაში შიშის დასანერგად აქტიურად გამოიყენებს.

"შეცვლის იმას, რომ ბევრ ადამიანს, რომელიც წასული იყო ბოლო პერიოდში და რაღაცნაირად, ხელი ჰქონდა ჩაქნეული "ნაცმოძრაობაზე" მიეცემა არგუმენტი ისევ უკან, "ნაცმოძრაობაში" დასაბრუნებლად იმიტომ, რომ იტყვიან - ჩვენ არ მოგვწონდა ხაბეიშვილი, არ მოგვწონდა კეზერაშვილი, მაგრამ მიშა სულ სხვაა. ამიტომ, მიშას შემთხვევაში, ჩვენ მიშას წინააღმდეგ არ წავალთ. რაღაც თვალსაზრისით, იმ პატარა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში იშვნენ, ასე რომ ვთქვათ, ლეგიტიმაცია შეიძლება იყოს პარტიაში უკან დაბრუნების.

ასევე შეცვლის იმას, რომ მტრის ხატი, რომელიც აქამდე იძერწებოდა კეზერაშვილ-ხაბეიშვილისგან და არაფერი არ გამოდიოდა აქედან, შეიძლება ოდნავ გამყარდეს და მიხეილ სააკაშვილის გამოყენება კიდევ ერთხელ შეიძლება მოხდეს ხალხის დასაშინებლად. მე მაინც შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ისევე ეფექტურად იმუშავებს, როგორც წინა არჩევნებზე იმუშავა, მაგრამ, ზოგადად, მგონია, რომ "ქართული ოცნებისგან" მოხდება ამის გამოყენება, როგორც მტრის ხატის, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

დღის ამბები