თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას გაჟღერებული თხოვნის მიხედვით, "დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის“ მიღება დეკემბრამდე გადაიდო.
"პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში ჰქონდა ოფიციალური ვიზიტი. შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ, ითხოვეს, აღნიშნული კანონის მიღება მესამე მოსმენით არ მომხდარიყო. ვითვალისწინებთ ამ თხოვნას, დეკემბრამდე არ მივიღებთ აღნიშნულ კანონს. დაველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს ქართველი ხალხი მიიღებს დამსახურებულ სტატუსს.
"მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე. თუ რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ეს 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. ჩვენ მოვისმინეთ ევროპაში გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მართლაც იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს. ამჯერად, მინდა მჯეროდეს, რომ დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით არ დაიჩაგრება ქართველი ხალხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.