პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ "საქართველოს მიღწევები სათანადოდ იქნება შეფასებული" – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისა და დღეს სტოკჰოლმში მიმდინარე მინისტერიალზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.
"ჩვენ ყველა პუნქტს პირნათლად ვასრულებთ. არის პუნქტები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობაში ცვლილებას და ყველა შესაბამისი პუნქტი სათანადოდ იქნა შესრულებული ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება ისეთ პუნქტებს, რომლებიც არ უკავშირდება კანონების მიღებას, რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული პუნქტების შესრულება. იგივე დეპოლარიზაცია მხოლოდ ჩვენ მიერ ვერ შესრულდება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი შეფასებები. მაგრამ რაც შეეხება კანონმდებლობის ცვლილებას, იქ ყველა პუნქტი იქნა პირნათლად შესრულებული. თუ სადმე იქნება კითხვები, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ. თუ იქნება დამატებითი დახვეწის ინტერესი, აქაც, რა თქმა უნდა, მზად ვართ დისკუსიისთვის. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ დღეს ჩვენი მიღწევები იქნება სათანადოდ შეფასებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.