საქართველომ 3 რეკომენდაცია სრულად შეასრულა, ესენია - გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება.
ქვეყნის პროგრესი სტოკჰოლმში შეფასდა, მას შემდეგ, რაც ოლივერ ვარჰეიმ, სახელმწიფო მინისტრებს ზეპირი ანგარიში წარუდგინა, შეფასების ძირითად პუნქტებზე მედიის წინაშეც ისაუბრა.
სწორედ მისგან გახდა ცნობილი თუ რა მიმართულებებზე უნდა გაძლიერდეს მუშაობა, სანამ შეფასება საბოლოო იქნება და ევროპა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ცნობილი გახდა მოლდოვის და უკრაინის შედეგებიც.
ამასთან, შვედეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში აცხადებს, რომ საქართველოს უკვე აქვს გარკვეული პროგრესი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. როგორც ჯესიკა როსვალი განმარტავს, საქართველოს ადგილი ევროპაში.
"ჩვენ მოვიწვიეთ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი, ოლივერ ვარჰეი, რათა წარმოადგინოს მოხსენება უკრაინის, მოლდოვას და ასევე საქართველოს რეფორმების პროგრესზე ევროკავშირის წევრობის განაცხადის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულია გარკვეული პროგრესი, ცხადია, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გასაკეთებელი. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მკაფიო, ერთიანი გზავნილის ჩვენება შემდგომი რეფორმების საჭიროების ჩათვლით. რაც შეეხება უკრაინას. მიუხედავად განსაკუთრებული გარემოებებისა, უკრაინამ არსებითი ნაბიჯები გადადგა წინ.
დარწმუნებული ვარ, რომ განახლებული ინფორმაციის შინაარსს ყურადღებით შეისწავლიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო და გამოიყენებენ მას მომდევნო რეფორმების სახელმძღვანელოდ შემოდგომაზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მოლდოვამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოლდოვას მხარდაჭერა და ხელი შევუწყოთ შემდგომ რეფორმებს. როგორც უკვე ვთქვი, არის გარკვეული პროგრესი საქართველოშიც. მნიშვნელოვანია, დავინახოთ მათი გზა ევროკავშირისკენ,"-აცხადებს ჯესიკა როსვალი.