15 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
ხაბეიშვილის ახალი შეთავაზება - ოპოზიციური პარტიების განწყობებმა ენმ-ის თავმჯდომარეს პოლიტიკური ტაქტიკა შეაცვლევინა

ოპოზიციური პარტიების განწყობებმა "ნაციონალური მოძრაობის" ახალ თავმჯდომარეს პოლიტიკური ტაქტიკა შეაცვლევინა. აქამდე თუ ლევან ხაბეიშვილი პარტიებს გაერთიანებას სთავაზობდა, ახლა საერთო სტრატეგიაზე მსჯელობისკენ მოუწოდებს. სააკაშვილის პარტიის ლიდერი ფიქრობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ერთობის შექმნა არ სჭირდება, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერი თავად არის. თავმჯდომარის ახალი შეთავაზება, პოლიტიკური თავსატეხი აღმოჩნდა პარტიის წევრებისთვის. მათ არ იციან, რას გულისხმობს ხაბეიშვილი ახალ სტრატეგიაში.

ხაბეიშვილის მენტორული ტონი, როგორც თავად ამბობენ, წყალგამყოფი აღმოჩნდა ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის. პარტიები "ნაციონალურ მოძრაობასთან" არა თუ გაერთიანებაზე, საერთო სტრატეგიაზე მსჯელობასაც არ განიხილავენ. ყველა მინუს "ნაციონალური მოძრაობა" - ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი პოლიტიკურ ბრძოლას ამ ფორმულით განაგრძობს და ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს. მოახლოებულ არჩევნებზე უპირატესობის მოპოვებას დამოუკიდებლად ეცდება "გირჩი" და გიორგი გახარიას პარტია.

ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური სტრატეგიის განხილვას "სტრატეგია აღმაშენებელი" და თაკო ჩარკვიანი გეგმავენ. პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფს სააკაშვილის პარტიასთან ღირებულებითი თანხვედრა აქვს. ვაშაძის პარტიაში არ მალავენ, რომ საარჩევნო მარათონს დამოუკიდებლად ვერ გაუძღვებიან, ამის გამო კი "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი ფორმით მოექცევიან.

"ნაციონალური მოძრაობის" გარშემო კონსოლიდაციის წარუმატებელი მცდელობები, ოპოზიციის მორიგი მარცხის მანიშნებელია მმართველი გუნდისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში დაკარგულ ხაბეიშვილის პარტიას პერსპექტივა არ აქვს, სანამ მართვის სადავეები ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი ძალოვნების ხელშია.

ოპოზიციას საერთო სტრატეგიაზე მსჯელობის დაწყება ლევან ხაბეიშვილმა გუშინ, ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერით შესთავაზა. დღეს კი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს მედიასთან ახალი პოლიტიკური ინიციატივის შესახებ აღარ უსაუბრია.

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები