საქართველო, მოლდოვა, უკრაინა - სამი ქვეყანა, რომლებმაც ევროკავშირში წევრობისთვის განაცხადი გააკეთა, პასუხს კი პარტნიორებისგან ელოდება. დღეს სტოკჰოლმში შესრულებული პროგრესის შესახებ, შუალედური მიმოხილვა წარმოადგინეს. ევროკავშირის საკითხთა მინისტრები დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ და ზეპირი მოხსენების შედეგები პრესას ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააცნეს.
საქართველოს შესახებ უფრო ვრცლად ევროკომისარმა ისაუბრა. ოლივერ ვარჰეიმ დეტალურად მიმოიხილა ევროკავშირის წევრობისთვის უკვე განხორციელებული რეფორმები და საბოლოო გადაწყვეტილებამდე დარჩენილ დროში, ქვეყნის მიერ შესასრულებელ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის მონაწილე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს და თქვეს, რომ ღია კარის პოლიტიკა არა მარტო კონკრეტული ქვეყნებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია.
ევროკავშირის გაფართოება რომ ევროპული გაერთიანების გაძლიერებას ხელს შეუწყობს, ეს ევროკომისარმა ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდაც განაცხადა. ოლივერ ვარჰეიმ მკაფიოდ განმარტა, რომ ორგანიზაციის კარი ახალი წევრებისთვის ღიაა, თუმცა კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილება აუცილებელია.
კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ