"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი 12 პუნქტიდან ყველაფერი შეასრულა, რაც მათზე იყო დამოკიდებული. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწის კუთხით, მზად არის ნებისმიერ დისკუსიაში ჩაერთოს.
"ჩვენ ყველა პუნქტს პირნათლად ვასრულებთ. არის პუნქტები, რომელიც უკავშირდება კანონმდებლობაში ცვლილებას და ყველა შესაბამისი პუნქტი სათანადოდ შესრულდა ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება ისეთ პუნქტებს, რაც არ უკავშირდება კანონების მიღებას - რა თქმა უნდა, მათი შესრულება მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, იგივე დეპოლარიზაცია მხოლოდ ჩვენს მიერ ვერ შესრულდება და რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი შეფასებები.
რაც შეეხება კანონმდებლობის ცვლილებას, იქ ყველა პუნქტი იქნა პირნათლად შესრულებული. თუ იქნება კითხვები, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ და თუ იქნება დამატებითი დახვეწის ინტერესი, ამასთან დაკავშირებითაც მზად ვართ დისკუსიისთვის. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ დღეს ჩვენი მიღწევები იქნება სათანადოდ შეფასებული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე სტოკჰოლმის ზეპირ მოსმენას, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად მიიჩნევს, რადგან აღინიშნა, რომ ქვეყანას 12-დან 10 მიმართულებით პროგრესი აქვს.
"საქართველო დღეს, დიახ, რა თქმა უნდა, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რასაკვირველია, უნდა დაველოდოთ საბოლოო, შეჯამებულ შეფასებებს, რადგან იქ არის გარკვეული მოსაზრებები, რომლითაც ფასდება ცალკეული მიმართულებით ჩვენი ქვეყნის პროგრესი და რომელიც ფაქტებზე მეტად, ალბათ, ეფუძნება გარკვეულ აღქმებს. შეიძლება, გარკვეულწილად, ოპოზიციის მხრიდან წასული ინფორმაციაც, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, დამახინჯებულია და არ ასახავს რეალურად არსებულ სიტუაციას, შეიძლება ესეც ახდენდეს გავლენას იმ ნაწილზე, რაც ნეგატიურად შეფასდა.
ეს მაინც საინტერესო შეფასებაა, პოზიტიურად შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს შეფასება, იმის გათვალისწინებით, რომ ამ 12-დან 10 მიმართულებით ევროკომისიამ ჩათვალა, რომ საქართველოს აქვს პროგრესი. რაც ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი ამ მიმართულებით შესრულებულია. სამწუხაროდ, არ გვაქვს იგივე რეზულტატები იმ მიმართულებით, სადაც აუცილებელი იყო ოპოზიციის სრულფასოვანი ჩართულობა,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
"ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ ობიექტური შეფასების შემთხვევაში, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, ასეთ ქვეყანა 100%-ით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
"იმ მოცემულობაში, როდესაც საკითხთან მიმართებაში არის მსჯელობა, რომ პოლიტიკური მდგენელი არის აქტიურად ჩართული, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, შანსები იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, ვფიქრობ, რომ ეს უკვე საზოგადოების განსჯის საგანი უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ აქ პროგნოზების გაკეთება 50/50-ზე იწევს. იმ შემთხვევაში, თუ იქნება ობიექტური, სამართლიანი შეფასება იმ პროგრესისა, იმ გადადგმული ნაბიჯებისა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, ასეთ შემთხვევაში ქვეყანა 100%-ით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.