პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხება, პირველი კომენტარი გაკეთდა მმართველ პარტიაში.
პრეზიდენტის შეწყალების აქტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აფასებს და მას უსამართლოს უწოდებს.
"განცდა დაეუფლა საზოგადოებას, რომ უსამართლობა ჩვეულებრივი ამბავია თუკი რაიმე გადაწყვეტილება არის დამოკიდებული პრეზიდენტ ზურაბიშვილზე. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უსამართლო პოზიციით გამოდის იგი და გაწბილება საკმაოდ სერიოზულია. მე ვფიქრობ, რომ განცხადების არ გაკეთებაც გარკვეული დამოკიდებულების მაჩვენებელია საზოგადოების მიმართ. ვინაიდან, დანაშაული ძალიან თვალხილული იყო, დანაშაული საკმაოდ დიდია, საკმაოდ მძიმეა დანაშაული და ამაზეც კი არ ინება საუბარი, რომ რაღაცით გაემართლებინა თავის გადაწყვეტილება, ან ევრორეკომენდაციით, ან გარკვეული შენიშვნების გამო, რომელიც ამ შუალედურ ანგარიშში გავიგონეთ.
რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დარჩა კიდეც, რომ თითქოს შეთანხმებულიც იყო, რომ მედიაგარემოზე უნდა ეთქვათ ცუდი შეფასება, უნდა გამოეცხადებინა ამ შუალედურ შეფასებაში ევროკავშირს და შემდეგ მას უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება. რაღაც კონსპირაციულ, საკმაოდ არასასიამოვნო ნალექს ტოვებს ეს გადაწყვეტილება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დანაშაული ძალიან დიდია ჩადენილი და არავითარი კავშირი მედიათავისუფლებასთან, მედიაგარემოსთან იმ დანაშაულს არ გააჩნია. პირიქით, მედიის გამოყენებით მოხდა საკმაოდ სერიოზული დანაშაულის ჩადენა, ლაპარაკია საკმაოდ დიდ თანხაზე, რომელიც იქნა გაფლანგული გამიზნულად და საკმაოდ ოსტატურად იქნა დალაგებული ეს თაღლითური სქემა," - აცხადებს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.