რა ინტერესი აქვთ და დგანან თუ არა გაფიცული მაღაროელების უკან არასამთავრობო ორგანიზაციები - არსებული ინფორმაციით, თბილისში საპროტესტო აქციაზე მყოფი “ჯორჯიან მანგანეზის" გაფიცული თანამშრომლების დახმარების სურვილი, "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა", "საიამ" და ფონდმა "ღია საზოგადოებამ" გამოთქვეს.
ორგანიზაციები მზად არიან, საპროტესტო აქციებისთვის საჭირო ყველა ინვენტარი თუ სხვა საჭიროებები უზრუნველყონ. საუბარია ფინანსურ დახმარებაზეც. ფონდმა "ღია საზოგადოება" 10 000 ლარამდე თანხა გამოყო, რომელიც პროტესტის მონაწილეების საოჯახო სასტუმროებში განთავსებას მოხმარდა.
"თუ მაღაროელებს ექნებათ საჭიროება დარჩნენ თბილისში და გააგრძელონ პროტესტი, შესაძლოა, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში განვიხილოთ მათი მხარდაჭერა. არასამთავრობო სექტორის ინტერესი არის ის, რომ შრომის უფლებები დაცული იყოს. არ წარმომიდგენია როგორ შეიძლება რომ ორგანიზაციების მხარდაჭერამ უფრო მძიმედ გააღვივოს პროტესტი," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ანანო ცინცაბაძე.
აქციის მონაწილე კი აცხადებს, რომ ისინი ჯერჯერობით არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან არ თანამშრომლობენ.
"ჯერჯერობით არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან არ ვთანამშრომლობთ, ერთადერთი რითაც გვეხმარებიან ეს არის კარვები, დინამიკები, გენერატორი. აღჭურვილობით უბრალოდ კეთილი ადამიანები გვეხმარებიან,"- აღნიშნავს აქციის მონაწილე სიმონ მიქაძე.
ავტორი: ანუკა ბუავა.