"ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ”მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც საქართველოში დეპოლარიზაციის მიმართულებით გადადგმულ არსებით ნაბიჯს" - ბრიუსელიდან ეს გზავნილი საქართველომ გვიან ღამით, მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიამ საპატიმრო დატოვა.
შარლს მიშელმა სალომე ზურაბიშვილის ეს ქმედება დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა. ამ გადაწყვეტილების გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დეოლიგარქიზაციის კანონის არ მიღებასაც მიესალმება. მომდევნო კვირას წესით პროექტის მესამე მოსმენა უნდა ყოფილიყო, თუმცა, პარტიის თავმჯდომარემ გუშინ თქვა, რომ კანონპროექტის განხილვა დეკემბრამდე, ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე გადაიდება.
პრეზიდენტისა და პარლამენტის გადაწყვეტილებების გარდა, მიშელის მხრიდან ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯად ფასდება პრემიერ-მინისტრის განცხადებაც. 2 დღის წინ, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ აგენტების კანონს საქართველო აღარ მიუბრუნდება. პრემიერმა ეს გადაწყვეტილება პარტნიორებს პირადადაც გააცნო.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მსგავსი დადებითი შეფასება, რომ მნიშვნელოვანია თანხმდებიან პოლიტიკოსები. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გზავნილები პოზიტიურია, თუმცა, მათი თქმით, ახლა მთავარი პასუხისმგებლობა რეკომენდაციების შესრულებაზე მაინც მმართველ ძალას ეკისრება.
სახელისუფლებო გუნდიც პოზიტიურად აღიქვამს იმ გზავნილს, რომელიც შარლს მიშელისგან მოისმინეს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ევროკომისიის შეფასებამდე, ევროსაბჭოს პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია, თუმცა, პროგნოზების გაკეთება მაინც უჭირთ.
რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე საუბრობს ამერიკის ელჩი კელი დეგნანიც. ელჩი, მსგავსად შარლს მიშელისა, დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას დროებით შეჩერდეს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება.
საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულება სჭირდება. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეკემბერში მიიღებენ.