15 ნოემბერი 2024,   11:08
ვრცლად
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" გაფიცულებთან შეთანხმებით, მათი სახელფასო მონაცემები გაასაჯაროვა

შეყილაძე ხვიჩა ერთ-ერთია იმ გაფიცული მაღაროელებიდან, რომლებიც ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქციებს პარლამენტის წინ მართავენ.

მაღაროელის თანხმობით, "კურიერმა" "ჯორჯიან მანგანეზიდან" მისი სახელფასო უწყისი გამოითხოვა. დოკუმენტით დასტურდება, რომ შეყილაძე ყოველთვიურად 3453 ლარს იღებს. ამ ფაქტს არც თავად უარყოფს, თუმცა ამტკიცებს, რომ ხელფასი 1500 ლარი აქვს და თანხის დანარჩენი ნაწილი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაა.

მაღაროელის ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან მანგანეზში" ვამოწმებთ. ირკვევა რომ შეყილაძის უწყისში დაფიქსირებული 3453 ლარი სახელფასო ანაზღაურებაა.

შეყილაძის მსგავსად, გაფიცული მაღაროელების უმრავლესობა ადასტურებს, რომ ხელფასის სახით სოლიდურ თანხას იღებს, მაგრამ ისინიც ამ ფაქტს ზეგანაკვეთურ შრომას უკავშირებენ. კიდევ ერთი მაღაროელი ალექსანდრე ჩაგელიშვილიც ამტკიცებს, რომ მისი ხელფასი არა ცხრილში ნაჩვენები 3215 , არამედ 1650 ლარია

იმის დასადასტურებლად რომ დასაქმებულთა ხელფასი საშუალოდ 2500 ლარის ფარგლებშია, კომპანიაში კიდევ ერთი გაფიცული თანამშრომლის ვალოდი ამბროლაძის 12 თვის ამონაწერსაც გვაჩვენებენ. ამონაწერიდან ირკვევა, რომ ყოველთვიური ანაზღაურება თავად დასაქმებულის მიერ დასახელებულ თანხაზე გაცილებით მეტია.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზში" განმარტავენ, რომ სახელფასო თანხაში, ზეგანაკვეთური ანაზღაურების წილი ყველაზე ნაკლებია. კომპანიაში ამბობენ, რომ დამატებითი სამუშაოს მაღალი ღირებულის გამო ისინი თავად ერიდებიან თანამშრომლების ზეგანაკვეთურ დატვირთვას.

გაფიცული მაღაროელების ნაწილი, თბილისიდან ჭიათურაში უკვე დაბრუნდა, ნაწილი კი საკუთარი მოთხოვნების შესრულებას ისევ დედაქალაქში ელოდება. კომპანიაში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს რომ ფინანსური კრიზისის მიუხედავად, მზად არიან თანამშრომლებს ხელფასი 5 პროცენტით გაუზარდონ. ძალაშია მოლაპარაკებების გაგრძელების წინადადებაც.

"ჯორჯიან მანგანეზი" მზად არის ჭიათურაში დროებით შეჩერებული წარმოება განახლდეს და თანამშრომლებს სახელფასო ვალდებულება 100%-ით გადაუხადოს. ზარალზე მყოფი კომპანია რამდენიმე თვეა, სახლში ყოფნის პირობებში თანამშრომლებს, ხელფასის 60%-ს უნაზღაურებს და სადაზღვევო პაკეტს უფინანსებს. მენეჯმენტი დასაქმებულებს სთავაზობს ახალ წინადადებასაც, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს.

დღის ამბები